რუსეთმა ბალტიისპირელ მეზობლებთან ურთიერთობაში უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების სხვა მაღალჩინოსნებზე ძებნა გამოაცხადა. სამშაბათს, კალასის, ასევე ესტონეთის სახელმწიფო მდივნის ტაიმარ პეტერკოპისა და ლიეტვის კულტურის მინისტრის სიმონას კაირისის ბარათები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში გაჩნდა. მათ წინააღმდეგ საქმე „საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურებისა და დაზიანებისთვის“ არის აღძრული. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაი კალასისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების არაერთი ოფიციალური პირის ძებნაში გამოცხადების მიზეზი იყო „ისტორიული ხსოვნის შეურაცხყოფა და რუსეთისადმი მტრობა“.