სტიქიიდან მეოთხე დღე აჭარაში. სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე არ აღდგენილა. ადგილზე მუშაობენ საგზაო დეპარტამენტის ტექნიკური ჯგუფები, იწმინდება ცენტრალურ გზებზე ჩამოსული მიწის მასებიც.
ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გაყვანილია ხულოდან 40-ზე მეტი ოჯახი, ხოლო შუახევიდან 30. პარალელურად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები სოფლებში მონიტორინგს აგრძელებენ, რომ საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან ადგილობრივები დროულად გაიყვანონ.
დამეწყრილ ტერიტორიებს სწავლობენ გეოლოგები, დასკვნებს ისინი ნამუშევრების კამერული დამუშავების შემდეგ დადებენ. სტიქიის გამო მეცადინეობა კვლავ არ განახლებულა ბაღებისა და სკოლების უმეტესობაში. მუნიციპალიტეტებში მოქმედებს საგანგებო შტაბები. მოქალაქეებმა დახმარებისთვის სწორედ ადგილობრივ ორგანოს უნდა მიმართონ.
ამ დროისთვის კურორტ ,,გოდერძისკენ“ გადაადგილება შეუძლებელია. თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები დანისპარაულის მონაკვეთზე მიმდინარეობს.