საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთს მეორე თამაშიც მოუგო

07 თებერვალი 2024, 22:07 524 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორე მატჩიც ავთანდილ ასათიანის გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა, იშტვან ჰოდნოდის გოლით გახსნეს, რასაც მასპინძლებმა პირველსავე ტაიმში, გიორგი ჩიმაკაძის და ჯანიკო გიორგაიას გოლებით უპასუხეს და შესვენებაზე ჩვენი ნაკრები ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი რონინიოს გადაცემით, გიორგი ღავთაძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ მატეი ბოშნიაგას გოლით სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ირაკლი თოდუამ უძლიერესი დარტყმით სხვაობა კვლავ ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.

რუმინეთთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი, მატჩები კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან ჩატარდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში