2023 წელს, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 013 995 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის - ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასულ წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს.
სააგენტოს განმარტებით, ბათუმის აეროპორტი კი, 621 514 მგზავრს მოემსახურა.
"2023 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 694 052 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს (ზრდა 0.05%-ს შეადგენს).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 671 198 მგზავრი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 621 514 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 2023 წლის დაჯამებული მონაცემებით, 10 217 მგზავრს მოემსახურა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 225 მგზავრი მიიღო, ნატახტარის აეროპორტი კი, 14 789 მგზავრს მოემსახურა.
2023 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 26 290 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 280-ს, ხოლო ჩარტერების – 5 010-ს", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.