ბათუმის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და 25 წლის შემდეგ საქართველოს თასის ფინალში პირველად ითამაშებს

07 ნოემბერი 2023, 20:15 886 ნახვა

„დინამო“ ბათუმი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ფინალისტია. ანდრეი დემჩენკოს გუნდი ნახევარფინალში ფოთის „კოლხეთს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა. 49-ე წუთზე ცოტნე ფაცაციას გადაცემით ალექსანდერ იაკობსენმა გაიტანა და სტუმრები დაწინაურდნენ.

შეხვედრის 53-ე წუთზე კი მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მატჩის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა, დათა სიჭინავას უხეში თამაშის გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. თუმცა კაცნაკლულმა „კოლხეთმა“ 67-ე წუთზე ერეკლე ჯიჯავაძის პენალტით წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ კი სტუმრება სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლის შესრულება შეცვლაზე შემოსულმა ჯოვინო ფლამარიონმა მოახერხა.

დღესვე მეორე ნახევარფინალური შეხვედრაც გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის „საბურთალო“ და წყალტუბოს „სამგურალი“ დაუპირისპირდებიან.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი