ქობულეთში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება - ინფორმაციას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ობიექტი რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოემსახურება.
"პროექტი მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურის, დასასვენებელი კოტეჯების და რეკრეაციული ზონის მოწყობას როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის.
კომპლექსს ექნება: ადმინისტრაციული ოფისები, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი სპორტსმენებისთვის, მასაჟის ოთახი და საუნა.
სპორტული კომპლექსის პროექტი ითვალისწინებს: სამ მინი დარბაზს: ფეხბურთის, კალათბურთის და ხელბურთის დარბაზებს. ასევე მოეწყობა: ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ქვიშის საფარიანი მოედანი და სკეიდპარკი ახალგაზრდებისთვის.
არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება: სასტუმრო, 8 კოტეჯი, აუზი და პარკირება. პროექტის ფარგლებში ასევე მთლიანი ტერიტორიის ლანდშაფტური დაგეგმარება განხორციელდება. რეკრეაციული ზონა 1 ჰექტარზე პარკის კონცეფციის მიხედვით შეიქმნება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი ქალაქ ქობულეთში, 9 აპრილის N28-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 37.5 მილიონ ლარია.