,,ღირსეული ანაზღაურება ექიმებს“, სამშობიარო განყოფილება ხულოს“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით “სოლიდარობის თემის“ ორგანიზებული აქცია მოეწყო და სამშობიარო განყოფილების გაუქმების ფაქტი გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ჯანდაცვის სერვისების არარსებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა მაღალმთიანი მოსახლეობისთვის.
როგორც თავად აცხადებენ, გასულ კვირას ერთ-ერთი მოქალაქე ბათუმში ტრანპორტირებისას ამშობიარეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ხულოს სამედიცინო კლინიკის მუნიციპალურ საავადმყოფოდ გადაკეთება ან სახელმწიფოს მხრიდან კერძო კლინიკის სუბსიდირებაა. აქტივისტებმა მსვლელობა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს, ისინი შეძახილებით ხულოს მერიასთან და კლინიკასთან მივიდნენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.
საპასუხო კომენტარი არ გააკეთეს ადგილობრივ მერიაში. აქციას არ გამოეხმაურნენ კომპანია ,,ევექსშიც“.
აქტივისტები აქციის გამართვას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ.
კომენტარისთვის ჩვენ დავუკავშირდით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, უწყებამ წერილობითი პასუხი მოგვწერა, სადაც წერია, რომ სამინისტრო კოორდინაციაშია შესაბამის დაწესებულებებთან და აქტიურად მიმდინარეობს საკითხზე მუშაობა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოპტიმალურ დროში მოგვარდეს საკითხი.