პუტინის ომის 522-ე დღე უკრაინაში

30 ივლისი 2023, 10:25 812 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს იერიშს უკრაინის ქალაქებზე. გასულ ღამეს მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზე, სადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მერის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის გარდა დაზიანდა საგანმანათლებლო შენობა და სუპერმარკეტი. ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონები გამოიყენა მტერმა დნეპროპეტროვსკის ოლქში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა სუმის ოლქზეც, სადაც ოკუპანტებმა სასწავლო დაწესებულება დაბომბეს. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა 5 ადამიანი. 

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით აღიძრა, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს. მტერი ისევ უტევს ზმეინის კუნძულს, რომელიც გასულ წელს უკრაინელებმა გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ეს მტრის მესამე თავდასხმაა.

იერიშისთვის ტაქტიკური ავიაცია გამოიყენეს. უკრაინის თავდაცვის ძალები კი ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჩონგარის ხიდს დაესხნენ თავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ღამით ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინულმა მხარემ დრონებით მიიტანა იერიში. პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალებმა 16 დრონი გაანადგურა. დანარჩენი 9 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებით ჩამოაგდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი