რუსეთის საჰაერო ძალებმა ნიკოლაევს დაარტყეს

20 ივლისი 2023, 10:00 604 ნახვა

გასულ ღამეს, რუსეთის ძალები თავს დაესხნენ მიკოლაივის ცენტრს, რის შედეგადაც 3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ავტოფარეხებში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე და მიკოლაივის მერზე, ალექსანდრე სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, 18 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ცხრა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ხუთი ბავშვი. ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილას  ამ წუთებშიც მაშველები მუშაობენ.

წუხელ რუსეთმა შეტევა განახორციელა ქალაქ ოდესაზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა ოდესის ცენტრში. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 2 ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 5 მიმართულებით 30-მდე შეტაკება მოხდა.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო-სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ტიპის 16 რაკეტა, Х-22 ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, Х-59 ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 32 დრონი გამოიყენა.

უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის 4 ტერიტორიას და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. ამასთან, გაანადგურეს საცეცხლე პოზიციებზე განლაგებული რუსების კუთვნილი 11 საარტილერიო დანადგარი და 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში