უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 38 შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

27 ივნისი 2023, 10:01 540 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ტერიტორიებს 6 დარტყმა მიაყენა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, სამი მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით, დღის განმავლობაში 38 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 38-ჯერ გახსნეს.

უწყების ინფორმაციით, წარმატებით იმოქმედეს უკრაინელმა არტილერისტებმაც და გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული ძალების მართვის პუნქტი, საცეცხლე პოზიციებზე მყოფი 12 საარტილერიო ქვედანაყოფი, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონა, საბრძოლო მასალის ორი საწყობი და მტრის სამი სხვა მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველა მიმართულებით წინ წავიდნენ. 

"ფრონტის ხაზი დღეს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე გადის. ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ჩვენს ბიჭებს ბევრ ასეთ დღეს ვუსურვებ. მოვინახულე ჰორტიცას ბრიგადა, რომელმაც თავი გამოიჩინა ბახმუტისთვის ბრძოლაში. ასევე შევხვდი საზღვაო ქვეითებს. მადლობა უკრაინის ყველა დამცველს სიმამაცისა და გმირობისთვის. მადლობა მათ, ვინც ახლა იბრძვის, და მათაც, ვინც საბრძოლველად ემზადებიან, ჯარისკაცებს წვრთნიან და მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობენ. გმადლობთ! მე ვამაყობ თქვენით! დიდება თქვენ, ჩვენო გმირებო! და მარადიული და ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი