დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის. სოლომონ ფეიქრიშვილის სახელს უკავშირდება აჭარაში ძიუდოს განვითარება. მას აღზრდილი ჰყავს მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ასპარეზობდნენ ასევე ძიუდოისტები სომხეთიდან და ლიეტუვიდან. ჩემპიონები და პრიზიორები 12 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. აჭარის ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ვიცე-ჩემპიონები გახდნენ თენგიზ ჭინკაძე და საბა ბოლქვაძე, ნიკა მგელაძე ბრინჯაოს დასჯერდა. სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის თასი კი საუკეთესო გდებისთვის გორელ ძიუდოისტს გიორგი ბაბუციძეს გადაეცა. ორგანიზატორთა თქმით, ტურნირი ტრადიციული იქნება და მომავალში საერთაშორისო გახდება.