საქართველომ წელიწადნახევარში რუსეთის 80 000 მოქალაქე მიიღო, ეს მოხდა ინციდენტის გარეშე, უნდა ვიამაყოთ ამით, მაგრამ ამას თან უნდა სდევდეს ნათელი რეგულაციები - პრეზიდენტი

31 მაისი 2023, 17:52 582 ნახვა

საქართველოს მოსახლეობა უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას და ძალიან ბევრი ქვეყანააა ევროპაში, რომელსაც შეიძლება, შეშურდეს ევროენთუზიაზმის ასეთი დონე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პოლარიზაციამ ზეგავლენა მოახდინა ქართული ტოლერანტობის იმიჯზე.

პრეზიდენტის განმარტებით, საქართველომ წელიწადნახევარში რუსეთის 80 000 მოქალაქე მიიღო, ეს მოხდა ინციდენტის გარეშე, უნდა ვიამაყოთ ამით, მაგრამ ამას თან უნდა სდევდეს ნათელი რეგულაციები.

„ბოლო მოვლენებმა გვანახა, რომ ეს ცოცხალი რჩება. საქართველომ წელიწადნახევრის განმავლობაში რუსეთის 80 000 მოქალაქე მიიღო. მოდით, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იმ ქვეყნიდან მიიღო მოქალაქეები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს და აწარმოებს საშინელ აგრესიას ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ. ეს მოხდა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, რაც მეტყველებს საქართველოს ტოლერანტობაზე. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით, მაგრამ ამას თან უნდა სდევდეს ნათელი სახელმწიფო რეგულაციები, რომ ტოლერანტობამ არ მისცეს გზა იმედგაცურებასა და ესკალაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, ე.წ. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.

„უკანასკნელმა ორმა წელმა რაც გვაჩვენა, არის ის, რომ ქართველები არ დანებდებიან. არ დანებდებიან უკრაინის სოლიდარობის საკითხთან დაკავშირებით. არ დათმობენ ევროპულ მომავალს, თავიანთ უფლებებს. სწორედ ამიტომ მაქვს ასეთი მყარი მოსაზრება და ვარ ასეთი ოპტიმისტი, რომ ეს არის მხოლოდ დროის საკითხი, სანამ უკეთესი ცვლილებები დაიწყება. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას. ასევე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოგვცემდა დაცვას და უსაფრთხოებას საქართველოსთვის, დაიცავდა საქართველოს რუსეთისგან.

რუსეთი, რომელიც დღემდე აგრძელებს ოკუპაციას და „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთი, რომელიც უსმენს ყველა სიგნალს. სწორედ ამიტომ, ვერავინ გაგზავნის არასწორ სიგნალს. საქართველო არ იქნება ე.წ. ნაცრისფერი ზონა. 2008-2014-2022 წლებში ამ ყველაფერმა ჩვენ გვაჩვენა, რომ ყოყმანი ძვირად გვიჯდება. მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში მარცხდება, ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, ცდუნება შევთავაზოთ სუსტი ადგილების პოვნის კუთხით. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ქალთა როლი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოს ისტორიაში.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს არასდროს დაუხევია უკან და არ შეუცვლია ევროპული კურსი.

„მიუხედავად რუსული ომისა, ოკუპაციისა, საქართველოს არასდროს დაუხევია უკან, არასდროს შეუცვლია ევროპული კურსი. ევროპული ინტეგრაციისთვის არ არის საჭირო მხოლოდ საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია, მაგრამ ეს გახლავთ ეგზისტენციური გზა, ჩვენი დნმ-ის ნაწილი. ასობით ათასი მოქალაქე ევროპაში წავიდა ემიგრაციაში, ქართველები სწავლობენ ინგლისურს, ფრანგულს, სწავლობენ პარიზში, ბერლინში. ჩვენი პროევროპული პოზიცია გახლავთ ევროპული რბილი ძალის სიძლიერის გამოვლინება. რუსეთი მათთვის გახდა ანაქრონული წარსული და ევროპა ყოველგვარი კითხვის გარეშე გახლავთ საქართველოს მომავალი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში