ქობულეთის „შუქურას” დირექტორმა, გიორგი დოლიძემ თანამდებობა დატოვა

16 მაისი 2023, 17:45 641 ნახვა

საფეხბურთო კლუბ ქობულეთის „შუქურას“ დირექტორმა, გიორგი დოლიძემ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გუნდის ვებგვერდზე გავრცელდა. 

„სამწუხარო რეალობაა კლუბში დღევანდელი მძიმე მდგომარეობა, როგორც ფინანსური, ისე მორალური. დაუსრულებელი ცრუ დაპირებების გამო გუნდი არის დემორალიზებული და სუფევს სრული უიმედობა. დღემდე არ არის გადახდილი ბოლომდე წინა წლის დავალიანებები, როგორც თანამშრომლებთან ისე კომპანიებთან, ამას ემატება წლევანდელი ხარჯების გადაუხდელობა და უკვე საფრთხე ემუქრება კლუბის ფუნქციონირებას. ვინაიდან პრაქტიკულად ვიმყოფები ცაიტნოტში, დაგროვილი პრობლემების გამოსწორება ჩემს ძალებს აღემატება, და მე, შპს „საფეხბურთო კლუბ შუქურას“ დირექტორმა, გიორგი დოლიძემ, მივიღე ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა და 2023 წლის 16 მაისიდან შემიჩერდეს კლუბის დირექტორის უფლებამოსილება. მადლობას ვუხდი კლუბის თანამშრომლებსა და გულშემატკივრებს თანადგომისთვის. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ნებსით თუ უნებლიედ ვაწყენინე ან სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე. იმედს ვიტოვებ და ვუსურვებ, „შუქურას“ მომავალ ხელმძღვანელობას წარმატებით გამოვიდეს ამ ურთულესი მდგომარეობიდან“, - წერს გიორგი დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 7 ქულით ბოლოს წინა მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 20 მაისს სტუმრად თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.

 

ფოტო: არქივი.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში