დღეს დილით ქერჩის ხიდთან, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს, ნავთობპროდუქტების რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ინციდენტი რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა, რაც მოსკოვმა უკრაინა სევასტოპოლის ნავთობბაზაზე დრონებით თავდასხმაში დაადანაშაულა. "ხანძარი სირთულის უმაღლესი რანგით არის კლასიფიცირებული - განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა და აღნიშნა, რომ მსხვერპლი არ არის. გუბერნატორის თქმით, ხანძარი სოფელ ვოლნაში გაჩნდა, რომელიც ყირიმის ხიდთან ახლოს მდებარეობს.
სევასტოპოლის ნავთობაზაზე თავდასხმას არც უარყოფს და არც ადასტურებს უკრაინული მხარე. თუმცა, შაბათ-კვირას კიევში განაცხადეს, რომ რუსეთის ლოგისტიკის სისტემის მოშლა დიდი ხნის განმავლობაში მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის მზადების ნაწილს წარმოადგენს. ორშაბათს უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მატარებელი რელსებიდან გადავარდა, რაც მეორე მსგავსი შემთხვევაა ბოლო ორი დღის განმავლობაში.
რუსული მხარე აცხადებს, ამ შემთხვევების უკან პროუკრაინული დივერსიული ჯგუფები დგანან.თავის მხრივ, რუსეთმა მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ უკრაინაზე საჰაერო დარტყმები გააძლიერა.
კიევში აცხადებენ, რომ გასულ ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა რუსული კამიკაძე დრონი გაანეიტრალა.