რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სადაც 20 აპრილს საავიაციო ბომბი ჩამოვარდა რუსეთის Su-34 სამხედრო თვითმფრინავიდან, კიდევ ერთი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება. მისი თქმით, ფეთქებადსაშიში საგანი გამნაღმველებმა აღმოაჩინეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასაფეთქებელი ტექნიკის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ბომბი პოლიგონზე გააუვნებელყონ.გლადკოვმა თქვა, რომ მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენენ 200 მეტრის რადიუსში მდებარე 17 მაღალსართულიანი სახლიდან.
წინასწარი მონაცემებით, ეს სამი ათასზე მეტი ადამიანია. როგორც ტელეგრამის არხი Baza წერს, საავიაციო ბომბი მიწისქვეშ არის. წინასწარი ინფორმაციით, მან შვიდი მეტრის სიღრმემდე ჩააღწია.