უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით.
უწყების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა. ასევე აღნიშნავენ, რომ ყველაზე რთული ვითარება კვლავ ბახმუტშია. რუსეთის ძალები ქალაქზე შტურმს განაგრძობენ. უკრაინელებმა ბახმუტში მტრის 22 შეტევა მოიგერიეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინაზე წუხელ იერიში „შაჰედის“ ტიპის 10 დრონით მიიტანეს, აქედან 9 - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით დაბომბეს.