ისტორიაში პირველად საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

26 თებერვალი 2023, 22:04 1193 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მსგავსი შედეგი ქართველმა კალათბურთელებმა ისტორიაში პირველად დააფიქსირეს.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ტურში საქართველომ თბილისში ისლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და 77-80 დამარცხდა, მაგრამ 3 ქულით მარცხი ხელს აძლევდა, შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე ქართველი კალათბურთელები გავიდნენ.

თამაში დაძაბული გამოდგა და ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. თამაშის დასრულებამდე 10 წამით ადრე საქართველო 77:80-ს აგებდა  როცა თორნიკე შენგელიამ ორი ჯარიმა ააცილა და ისლანდია შეტევაში წამოვიდა, მაგრამ მათ სამქულიანი ვერ ჩააგდეს, რის შემდეგაც დრო ამოიწურა და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

გიორგი შერმადინს 23 ქულა,  6 მოხსნა და 3 გადაცემა ჰქონდა, თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 20 ქულა,  6 მოხსნა, 5 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო, ხოლო თად მაკფადენმა კი 17 ქულა მიითვალა.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის წილისყრა 29 აპრილს შედგება და გავიგებთ, თუ ვისთან ერთად იქნება ჯგუფში საქართველოს ნაკრები.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება. 

ტურნირის ფორმატის თანახმად, 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი-ოფში გააგრძელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში