საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ნიდერლანდებთან 88:80 მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და ბედნიერები ვართ. ძალიან მძიმე თამაში იყო პირველიდან ბოლო წამამდე. ჩემი თამაში? მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, ამაში განსაკუთრებული არაფერია. დიახ, ჩვენთვის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება, ამ შანსს დიდი ხანი ველოდით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რადგან ეს ყველაფერს ნიშნავს. დიდებული შანსი გვაქვს და ისლანდიის ნაკრები უნდა დავამარცხოთ. მსოფლიოს ჩემპიონატი რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა, მთელი ქვეყანა ამას ელოდება“, - განაცხადა გიორგი შერმადინმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 26 თებერვალს, ისლანდიის ნაკრებთან გამართავს.
ცნობისთვის, ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების ორივე კონკურენტი დამარცხდა: ისლანდიამ შინ ესპანეთთან 61:80 წააგო, ხოლო უკრაინამ სტუმრად იტალიასთან შეხვედრა (75:85) დათმო. ამრიგად, ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრების ერთადერთი კონკურენტი ისლანდია დარჩა, რომელთანაც თბილისში 3 ქულით წაგების შემთხვევაშიც კი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.