მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ?- „გრინსერვის+“-ის დაკავებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ უპასუხა, რომ არც თავად და არც დანარჩენი 8 ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალს 9 პირიდან არცერთი არ აღიარებს. დუმილის უფლებით სარგებლობს ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილი.
დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ მოსამართლეს ბრალდებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენები არ გაეზიარებინა და არც მათი შინაარსი არ გაეჟღერებინა. მოსამართლემ განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე დღეს სასამართლო არ იმსჯელებს.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს. დღესვე, გადაისინჯება დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
პროკურატურა ყველა ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვს. 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.