იანვარში უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

09 თებერვალი 2023, 10:35 563 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილ ფაქტებს შორის 190 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 79 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.

მათივე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 59 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 სამართალდარღვევა, იმერეთში - 30, ქვემო ქართლში - 23, აჭარაში - 18, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთშიც - 10, შიდა ქართლში - 4, გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა; ხე-ტყის უკანონო ჭრის 1 ფაქტია გამოვლენილი დედაქალაქში.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 441 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 71 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი