მთავარი სპორტში

02 თებერვალი 2023, 19:58 920 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ევროპის 2025 წლის U21 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში  გაიმართა. რამაზ სვანაძის გუნდის კონკურენტები  C ჯგუფში ნიდერლანდების, შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვისა და გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრებები იქნებიან. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპში სექტემბერში ჩაერთვება, ხოლო ფინალურ ეტაპს 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე 2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისისს ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება.

დინამო ბათუმი 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით თურქეთის ქალაქ ანტალიაში წინასასეზონო შეკრების მეორე ეტაპს გაივლის და 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ბათუმური კლუბი ანტალიაში პირველ მატჩს 5 თებერვალს უკრაინული „ოლექსანდრიას“ წინააღმდეგ გამართავს, 8 თებერვალს დანიურ „ნაესტვედს“ შეხვდება, 9 თებერვალს ლატვიურ „ლიეპაიას“, 13 თებერვალს უზბეკურ „ფახთაქორსა“ და 16 თებერვალს ყაზახურ „აქსუს“ შეხვდება. ამ შეკრებაზე გუნდს სენეგალელი მუსა კონატეც შეუერთდება. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია განახორციელებს. ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 25 თებერვალს დაიწყება. დინამო ბათუმი თავის პირველ მატჩს 26 თებერვალს ითამაშებს და შუქურას უმასპინძლებს.

18 წლის გიორგი ხაბულიანი ოფიციალურად „ლევანტეში“ ჩაირიცხა. მისი განცხადებით, კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. ესპანურ გუნდში გადასვლამდე ქართველი ფეხბურთელი თურქულ „ადანა დემირსპორში“ ირიცხებოდა. გიორგის თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ კლუბების მოლაპარაკების შედეგად ხელშეკრულება გაწყდა. ხაბულიანი საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების თავდამსხმელია. „ტრანსფერმარკეტი“ მის ტრანსფერს 125 ათას ევროდ აფასებს. „ლევანტეს“ ასევე ეკუთვნის კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმის აღსადგენად რანგით მესამე ლიგის „კასტელონში“ იჯარით თამაშობს. „ლევანტე“ ლა ლიგიდან გასულ სეზონში გავარდა და დასაბრუნებლად იბრძვის. გუნდი 25 ტურის შემდეგ 44 ქულით მესამე ადგილზეა.

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ იტალიის თასის მეოთხედფინალში სტუმრად „რომა“ დაამარცხა. დავიდე ბალარდინის გუნდი 28-ე წუთზე სირილ დესერსმა პენალტით დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ზეკი ჩელიკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „კრემონეზე“ 2:0 დაწინაურდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანდრეა ბელოტის გოლით რომაელებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „რომა“ 1:2 დამარცხდა.კრემონულ გუნდში ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა. რომაულ გუნდამდე კრემონეზემ მერვედფინალში ნაპოლი დაამარცხა. 36 წლის შემდეგ პირველად კრემონეზე თასის ნახევარფინალში ისევ ითამაშებს და ამჯერად უკვე ორრაუნდიან დაპირისპირებაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველები ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ზაგრების საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ფინალში გავიდნენ. ვლადიმერ გამყრელიძე კი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, სადაც კენჭაძე ირანელ დავადკუხის დაუპირისპირდება, მაისურაძე – ამერიკელ მურს. შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ბექა ბუჯიაშვილმა და გიორგი ელბაქიძემ მოიპოვეს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ პორტუგალიაში ჩოგბურთელ ქალთა 40.000-იან ტურნირზე ორი ეტაპი წარმატებით გაიარა, სტარტზე მასპინძელ მარია გარსიას აჯობა ორ სეტში ანგარიშით 6:1, 6:1, მერვედფინალში კი ტურნირის პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ ჩოგბურთელ ილენა ინ-ალბონის ასევე ორ სეტში 5:7,2:6 მოუგო, შეხვედრა საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ქართველმა ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 12-დან 6 ბრეიკპოინტი გამოიყენა, მეტოქე ორჯერ შეცდა და 4-დან 3 ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო.

გიორგი შერმადინი ბრწყინვალე იყო და ისევ MVP-ის ტიტულის მფლობელი გახდა, ამჯერად უკვე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე. ქართველი კალათბურთელის გუნდის ტენერიფეს მეტოქე თურქული დარუშაფაქა იყო და დიდი სხვაობით 59:80 მოიგო. ესპანურმა გუნდმა პირველივე ტაიმში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და 18 ქულით წინ იყო, ეს სხვაობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.გიორგი შერმადინმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა MVP-ს ტიტული ზედიზედ მეორე მატჩში დაიმსახურა.

ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა. ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე 76 წლის სპორტსმენმა სლოვენიაში,  ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ტურნირში 31 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოცურავე მონაწილეობდა, წყლის ტემპერატურა კი 5 გრადუსს შეადგენდა.შეგახსენებთ, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა ხელფეხშეკრულმა „მხედრული კოლხურით“  3 საათსა და 15 წუთში დარდანელის სრუტე გადაცურა, 12 კილომეტრი. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში