აზერბაიჯანმა ირანიდან დიპმისია გაიყვანა

30 იანვარი 2023, 17:56 509 ნახვა

აზერბაიჯანმა ირანიდან მისი საელჩოს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია მოახდინა. აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა თეირანი მას შემდეგ დატოვეს, რაც 3 დღის წინ ირანში აზერბაიჯანის საელჩოს შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფებს. დაღუპულია საელჩოს დაცვის თანამშრომელი და დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი. ბაქოში მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საელჩომ ირანში დიპლომატიური მისია შეაჩერა. თეირანის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. ირანის ხელისუფლებამ დაგმო პარასკევს მომხდარი ინციდენტი, თუმც აღნიშნა, რომ თავდამსხმელს პირადი და არა პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდა. ინციდენტი მეზობელ ქვეყნებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა. მიმდინარე თვეში აზერბაიჯანმა ისრაელში თავისი პირველი ელჩი დანიშნა. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება მოითხოვა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი