ისრაელში მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების რეგულაცია მარტივდება

29 იანვარი 2023, 11:00 521 ნახვა

ისრაელის ხელისუფლება მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების რეგულაციებს ამარტივებს მას შემდეგ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა. მინისტრთა კაბინეტში მიაჩნიათ, რომ რიგითი მოქალაქეები იარაღის ტარების შემთხვევაში თავდაცვას დამოუკიდებლადაც შეძლებენ.

ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებისთვის ბინადრობისა და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას. დეტალებზე მინისტრთა კაბინეტი დღეს იმსჯელებს. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გაიზრდება ისრაელის არმიის შემადგენლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. იერუსალიმში 27 და 28 იანვარს ორი თავდასხმა მოხდა.

პირველ შემთხვევაში შეიარაღებულმა პირმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გუშინ კი 13 წლის მოზარდმა ორი ადამიანი დაჭრა. ის საპასუხო ცეცხლით გაანეიტრალეს და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი