რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები

12 იანვარი 2023, 10:10 535 ნახვა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, რის შედეგადაც ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

"წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ადგილზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ", - წერს კურტევი.

ამ დრომდე, ყველაზე ცხელ წერტილად ქალაქი სოლედარი რჩება. დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური ირწმუნება, რომ ქალაქი მათ კონტროლს ექვემდებარება, უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დონეცკის ოლქში ქალაქ სოლედარის აღების შესახებ.

"ახლა ტერორისტული სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ქალაქ სოლედარის გარკვეული ნაწილი - ქალაქი, რომელიც თითქმის მთლიანად გაანადგურეს ოკუპანტებმა - რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, თავიანთ საზოგადოებას წარმოუჩინონ ისე, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას ემხრობა. თუმცა ბრძოლა გრძელდება, დონეცკის მიმართულება დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი