ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

15 ნოემბერი 2022, 14:30 1179 ნახვა

ხელვაჩაურში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 500 ოჯახი თხილის ნაჭუჭის ბრიკეტების ნაცვლად ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს. თითოეულს ზამთრისთვის საჭირო გასათბობი საშუალების მოსამარაგებლად   1000 ლარი  დაერიცხება. შეშით ჩანაცვლების პროგრამაში ცვლილება მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ორჯერ ჩავარდნამ გამოიწვია.

ბიუჯეტში ცვლილებისთვის ხელვაჩაურის მერმა საკრებულოს უკვე მიმართა და საკითხი  დღევანდელ სხდომაზე მიიღეს კიდეც. 

ამის გარდა საკრებულოს წევრებმა კიდევ 12 საკითხზე იმსჯელეს და  კენჭისყრით მხარიც დაუჭირეს. მათ შორის სოციალური სახლის მშენებლობას და ხელვაჩაურში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის გარკვეული ტერიტორიის იჯარით გადაცემას.    

დღესვე საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მათ  ისევ მალხაზ სალვარიძეს უყარეს კენჭი, რომელმაც  მოადგილეობაზე უარი ხუთი დღის წინ საკუთარი გადაწყვეტილებით თქვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში