ინდონეზიაში "დიდი ოცეულის" სამიტი გაიხსნა

15 ნოემბერი 2022, 10:02 410 ნახვა

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე დღეს „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა, სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება.

უმაღლესი დონის შეხვედრის პირველივე სამუშაო დღეს, ცნობილი გახდა, რომ კანადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, 500 მილიონ დოლარს გამოყოფს, რომელიც უკრიანის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო, სადაზვერვო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, ასევე საწვავისა და სამედიცინო მასალების მიწოდებას მოხმარდება.

სამიტზე ვიდეო კავშირის საშუალებით სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს, ეს ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს. 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება.

"არ ღირს უკრაინისთვის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კომპრომისების შეთავაზება. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს, ჩვენ სიტყვის ადამიანები ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიომ ეს ნახა. რუსეთი თუ ამბობს, რომ სურს ამ ომის დასრულება, დაამტკიცოს ეს ქმედებებით. აშკარაა, რომ რუსეთის სიტყვების ნდობა შეუძლებელია და არ იქნება არანაირი „მინსკის შეთანხმება-3“, რომელსაც რუსეთი დაარღვევს გაფორმებისთანავე. მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით თუკი საპასუხო ქმედებები არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უბრალოდ სურს, კვლავ მოატყუოს ყველა და გაყინოს ომი სწორედ მაშინ, როდესაც მისი მარცხი განსაკუთრებით საგრძნობი გახდა. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს მოცდის, ძალების გაძლიერების, შემდეგ კი ტერორის ახალი სერიისა და გლობალური დესტაბილიზაციის დაწყების საშუალებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ბაიდენის შეხვედრა, სადაც სამთა კავშირის უსაფრთხოების პაქტს განიხილავენ, რომლის მიზანი ინდოეთსა და წყნარ ოკეანეებში ჩინეთის გავლენის შესუსტებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი