"კვარაცხელია კარგად მოიქცა, როცა ბოდიში მოიხადა იმ ორი ეპიზოდისთვის'' - ლუჩანო სპალეტი

05 ოქტომბერი 2022, 10:45 1976 ნახვა

"ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „აიაქსთან“ 1-6 გამარჯვების შემდეგ კომენატრი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, თამაშის შემდეგ კვარაცხელიამ ბოდიში მოიხადა.

''ეს შედეგი, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თამაშის დამსახურებაა, ეს ყოველთვის ასეა.ჩვენ ინდივიდუალურად კარგი ხარისხი გვაქვს, თუმცა გუნდურობა და თანაგუნდელისთვის ხელმისაწვდომობა არასდროს უნდა დაიკარგოს, ლოსანომ და კვარაცხელიამ დაცვაშიც ბევრი სამუშაო შეასრულეს. გარდა ამისა, კვარა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა იმ ორი ეპიზოდისთვის, როცა თანაგუნდელებს პასი არ გადააწოდა. ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა... ასე არ არის, ასე არ არის, რადგან ასე მექანიზმი არ მუშაობს. თუ შენ დაარტყამ კარში და თავისუფალ თანაგუნდელს პასს არ მისცემ, სხვა ეპიზოდში უკვე ის მოიქცევა ასე და იტყვის, რომ ახლა მე არ მოგეცი პასი და დავარტყი. ასე ყველაფერი რთულდება. თქვენ (ჟურნალისტები) აშორებთ კვარაცხელიას გუნდური თამაშისგან. გოლები ყველამ გაიტანა, არა მხოლოდ მაგალითად რასპადორიმ, რადგან მას ოლივერამ მისცა მაგარი პასი. გარდა ამისა, ნამდვილი აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით“, - განაცხადა სპალეტიმ.

კვარცხელიამ ამ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. "WhoScored.com"-მა ხვიჩას თამაში 8.7 ქულით შეაფასა, მას მხოლოდ ჯაკომო რასპადორიმ აჯობა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ''ნაპოლი'' 12 ოქტომბერს ისევ ''აიაქსის'' წინააღმდეგ ამჯერად საკუთარ მოედანზე გამართავს. მანამდე კი ხვიჩა და მისი თანაგუნდელები 9 ოქტომბერს ლუკა ლოჩოშვილის ''კრემონეზეს'' დაუპირისპირდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში