უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იზიუმში კიდევ ორი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.
მისივე განმარტებით, ცხედრებს წამებისა და ძალადობის კვალი აღენიშნებათ.
"დღეს მივიღე დამატებითი ინფორმაცია. აღმოაჩინეს კიდევ ორი მასობრივი სამარხი, დიდი სამარხები ასობით ადამიანით. თქვენ ხომ იცით, რომ საუბარია პატარა ქალაქ იზიუმზე? პატარა ქალაქში კიდევ ორი მასობრივი სამარხია”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინელმა სამხედროებმა 10 სექტემბერს იზიუმი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, ქალაქის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. მასობრივი სამარხებიდან 477 ცხედარი ამოასვენეს, რომელთა შორისაც მცირეწლოვნებიც არიან. ცხედრების ნაწილს, კისერსა და მტევნებზე თოკი აქვს შერჩენილი.