უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ფრონტის ხაზის გასწვრივ ბევრ ადგილას მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. "ეს არის დონეცკის რეგიონი, ეს არის ჩვენი ხარკოვის რეგიონი. ეს არის ხერსონის რეგიონი, ასევე მიკოლაივის და ზაპორიჟიის რეგიონები" - აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინულ ძალებს რამდენიმე მიმართულებით დადებითი შედეგები აქვს. რუსეთის პრეზიდენტმა ოთხშაბათს ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რასაც მთელ რუსეთში პროტესტი და ბევრი გასაწვევი ასაკის მამაკაცის ქვეყნიდან გამგზავრება მოჰყვა. 2 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე.
დაღესტანში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 100-მდე დემონსტრანტი დააკავეს.
ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს პუტინის ომის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.