არეულობა და დაპირისპირება კოსოვოში. ჩრდილოეთით, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე დასახლებებში სროლის ხმა ისმოდა. ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს, ისინი კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელიც ეთნიკური სერბებისთვის საავტომობილო ლიცენზიების ცვლილებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, სერბული სანომრე ნიშნებით გადაადგილება შეიზღუდება. სერბეთიდან დროებით გასულ პირებს კი ავტომობილით გადაადგილებისთვის სპეციალური დოკუმენტაციის მიღება დასჭირდებად.
აღნიშნულ პროტესტს გამოეხმაურა აშშ, მათი თხოვნით, კოსოვოს ხელისუფლებამ ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი 1 თვით გადადო. კოსოვოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.
გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ ქვეყანაში სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება.