აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

12 აგვისტო 2020, 15:00 398 ნახვა

„არ გვაქვს გზა, სასმელი წყალი და ბუნებრივი აირი“ - ამ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართეს ქობულეთში, სოფელ შუაღელეში. 30-მდე ოჯახი ამბობს, რომ გზა გრუნტიანია, რის გამოც დასახლებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მისვლა უჭირთ.

ამბობენ, რომ გზის მოწყობის შესახებ მათ არც დაპირება მიუღიათ. აქციაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი  იმყოფებოდა, რომელიც პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს.  დღესვე  მოქალაქეებმა განცხადება დაწერეს, პასუხს კი 10 დღის ვადაში ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას ისევ გეგმავენ.

ქობულეთის მერიაში აქციის საპასუხოდ გვითხრეს, რომ სოფელ შუაღელეში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ერთი ჭაბურღილი მალე მოეწყობა, პროცესი კი გაგრძელდება.  

რაც შეეხება გზის მოწესრიგებას, აჭარის მაუწყებელს  გვითხრეს, რომ სამუშაოებს ქობულეთის მერია და საქართველოს საგზაო დეპარტამენტი  ერთად შეასრულებენ. თუმცა მას შემდეგ   რაც საკითხი საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება. სოფელ შუაღელეს მოსახლეობას უპასუხეს  აჭარის  საგზაო  დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილებაშიც.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში