ვითხოვთ ქუჩის რეაბილიტაციას, აუტანელი სიტუაციაა, ფანჯრებს ვერ ვაღებთ - ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები

14 ივლისი 2020, 15:13 1033 ნახვა

ივანე ჯავახიშვილის პირველი და მეორე შესახვევის მცხოვრებლები ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი განცხადებით, ქუჩაზე წლებია მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა, სანიაღვრე არხები, ამორტიზირებულია ასფალტის საფარი, რის გამოც ქუჩაზე დგება წყალი. მოსახლეობა ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული სიტუაცია წვიმის შემდგომაა, როცა იტბორება ეზოები და პირველი სართულები.

ადგილობრივთა თქმით, ახლოს არც რეკრეაციული ზონაა, ამიტომ იძულებულნი არიან ბავშვებმა ქუჩაში ასეთ ვითარებაში ითამაშონ. მოსახლეობა, ქუჩაზე დამდგარი წყლის გამო, მწერების სიმრავლესაც უჩივის.

"აუტანელი სიტუაციაა, ფანჯრებს ვერ ვაღებთ. მოდიან, წამლავენ, მაგრამ რამდენიმე საათიანი ეფექტი აქვს. როგორც კი ფანჯრებს გავაღებთ, სახლი კოღოებით ივსება, სავარაუდოდ, წამალია უხარისხო. წვიმის შემდეგ წყალი ქუჩაზე რამდენიმე დღის განმავლობაში დგას და არ შრება"-ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქუჩაზე, პანდემიის გამო, რეაბილიტაცია შეფერხდა. სულხან ევგენიძის განმარტებით, წლის ბოლომდე აღნიშნულ ქუჩებზე დასრულდება წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი.

მერიის "სანდასუფთავების" სამსახურში მოსახლეობის პრეტენზიას არ იზიარებენ, ამბობენ, რომ წამალი, რომლითაც სადარბაზოებისა და ტერიტორიების დამუშავება ხდება, ლაბორატორიულად შემოწმებულია. უწყების განმარტებით, ბათუმის სხვადასხვა უბნებში დეზიფენქცია-დერატიზაციისთვის წლის განმავლობაში 400 000 ლარამდე იხარჯება.

სამსახურის უფროსის განმარტებით, სასურველი შედეგი იმიტომ არ არისო, რომ შესაწამლად მისულ თანამშრომლებს სარდაფები ხშირად დაკეტილი ხვდებათ და შეწამლვას ვერ ახერხებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში