ერთი წლის შემდეგაც, კვლავ არ წყდება მცდელობა, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა - ცესკო

28 ოქტომბერი 2025, 10:33 104 ნახვა

26 ოქტომბრის არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა, ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს და დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც დღეს არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობს, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის, რომელიც თუნდაც მინიმალურად გაამყარებდა „გაყალბების“ ბრალდებებს.

"საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული, რაც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილებების ბალანსს და პროცესის მრავალპარტიულ კონტროლს. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა.

ისევე, როგორც შემაჯამებელი ოქმები ძირითადად კომისიის წევრთა დიდი უმრავლესობით იქნა ხელმოწერილი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პროცესს აკვირდებოდა ათობით ათასი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი.

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა, რომლის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხოლო ხმის მთვლელი აპარატის შედეგები ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს.

პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული რეკომენდაციებიც, რაც დამახასიათებელია ყველა ქვეყნის საარჩევნო პრაქტიკისთვის და არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს მით უმეტეს, როდესაც „გაყალბებაზე“ საუბარი დასკვნაში საერთოდ არ ფიქსირდება.

ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ეს წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დადასტურებას იმისა, რომ არჩევნების დღეს არსებითი დარღვევები არ ყოფილა.

ამრიგად, ეუთო/ოდირის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გაყალბების თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

მიუხედავად ამისა, რიგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგრძელებენ ხმაურიან განცხადებებს გაყალბებაზე, თუმცა ვერც მათ წარმოადგინეს ფაქტობრივი მტკიცებულებები.

ამრიგად, ნათელია, რომ „გაყალბების“ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობას კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას, არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას.

ამასთან, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირება მაღალ პროფესიულ სტანდარტზე განხორციელდა.

2025 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი ტარდება გამართულად, გამჭვირვალედ, უსაფრთხოდ და სამართლებრივად დაცულად, რაც გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე