საარჩევნო სისტემა - ოპოზიცია ახალ შეთავაზებას ამზადებს, წინასწარი განცხადებებით კი, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ გეგმავს

10 თებერვალი 2020, 13:46 1365 ნახვა

როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის ემზადება და გეგმავს ახალი მოდელის შეთავაზებას.

ოპოზიცია ცდილობს, პროპორციულ საარჩევნო სისტემათან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელი შესთავაზოს "ქართულ ოცნებას", რომელიც გულისხმობს პარლამენტში 130 პროპორციული სიით, ხოლო 20 ან 15 მაჟორიტარი შევიდეს. 

"130/20-ზე თუ 135/15-ზე თუ მსგავსი კონფიგურაციები არის აქტიური განხილვის ფაზაში ოპოზიციაში. ჩვენ გვაქვს ასევე გეგმა იმ შემთხვევისთვისაც, თუკი ხელისუფლება არსებულ სისტემას დატოვებს, ეს არის ოპოზიციური კოორდინაცია მაჟორიტარების ირგვლივ და ამ შემთხვევაში ხელისუფლების დამარცხება აბსოლუტურად რეალისტურია", — თქვა ოთო კახიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

გუშინ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ მათი კომპრომისული შეთავაზების მიღმა, რომელიც 100 პროპორციული სიით, ხოლო 50 მაჟორიტარი უნდა შევიდეს პარლამენტში ყველაზე მისაღებია, რადგან ამაზე მეტად მაჟორიტარების შემცირება, კანონპროექტის ჩავარდნას გამოიწვევს.  

დღეს კი, მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებს მიეკუთვნება განაცხადა, რომ თუკი მმართველი გუნდი ოპოზიციას თამაშში აყვება და 100/50-ზე მეტ კომპრომისზე წავა, მაჟორიტარები ისევ "მუხრუჭს გამოიყენებენ". ხუნდაძის თქმით, 100/50-ზე შეთავაზება არის ის უკიდურესი კომპრომისი, "რომლის იქეთაც გარდაუვალი კრიზისია".


2019 წლის 24 ივნისს, ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ არჩევნები და ნულოვანი ბარიერი დააანონსა. ქართული ოცნების დაპირება, რომელიც "გავრილოვის ღამის" შემდეგ აქციების საპირწონედ გაიცა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რუსთაველის ქუჩაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვდა. 

საკონსტიტუციო განხილვების შემდეგ, პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. მმართველი გუნდი ირწმუნებოდა, რომ პარლამენტში მყოფი მაჟორიტარები არ ეთანხმებოდნენ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ინიციატივას. 

მოგვიანებით, "ქართული ოცნების" ლიდერებმაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მათთვისაც მიუღებელია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. კანონპროექტის შემდეგ უმრავლესობა "ქართული ოცნების" 8 წევრმა დატოვა. დაიწყო ქუჩის აქციები, შენობების დაბოქლომება და პარლამენტის პიკეტირებები

ოპოზიციამ პარალელურად ე.წ. გერმანული მოდელი შესთავაზა ხელისუფლებას, რაც მმართველი გუნდისთვის არ აღმოჩნდა მისაღები. მათი მტკიცებით, ეს მოდელი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. 

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაიწყო საარჩევნო მოდელზე კონსულტაციები. 4 შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლებამ ოპოზიციას 100/50 მოდელი შესთავაზა. მამუკა მდინარაძის თქმით, ეს იყო მათი კომპრომისი და ოპტიმალური ვარიანტი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი