ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება, რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა. შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს.
წინადადების მიღება 22 იანვარს დაიწყო და დღეს, 27 იანვარს 12 საათზე დასრულდა.
''ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად შეწყვეტილი ტენდერი, ტექნიკური დეტალების დაზუსტებით განმეორებით გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, მაშინ შპს ''მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა. ტენდერის შეწყვეტის ოქმში ეწერა, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“.
ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს. გამარჯვებულ კომპანიას პირობების შესასრულებლად 17 თვე ექნება.
პროექტის მიხედვით, სამ შენობაში თორმეტ სართულზე მოეწყობა 582 საცხოვრებელი ბინა: I შენობა – 213 ბინა, II შენობა – 285, III შენობა – 84 ბინა.
''ოცნების ქალაქში'' კორპუსების მშენებლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა.