სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე ბრალის დამძიმებას არ გამოვრიცხავთ - ადამიანის უფლებათა ცენტრი მურად წურწუმიას საქმეზე

14 იანვარი 2020, 15:27 1389 ნახვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს, 14 იანვარს, ოფიციალურად წერილობით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და მოითხოვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიძიოს მურად წურწუმიას მკვლელობის საქმე. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა. დოკუმენტში წერია, რომ აუცილებელია ინსპექტორმა დამოუკიდებლად შეაფასოს გარდაცვლილის სავარაუდო წამების, არაადამიანური მოპყრობის გარემოებები, ასევე - გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.

სამედიცინო ექსპერტიზისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ორგანიზაცია ბრალდებულებისთვის ბრალის კიდევ უფრო დამძიმებას არ გამორიცხავს.

''2020 წლის 2 იანვარს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, ავტომობილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ და მისმა თანმხლებმა პირმა, ვახტანგ ბურძენიძემ, 24 წლის მურად წურწუმია სიკვდილამდე სცემეს. ბრალდებულებმა, ასევე, სცემეს მოკლულის ძმა, მუხრან ჩხვირკია, რომელმაც ადგილიდან გაქცევა შეძლო.

მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკია, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად, არაერთი მძიმე დაზიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

მძიმე დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში მყოფი მურმან წურწუმია ბრალდებულებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში არ გამოუძახებიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და არ გაუწევიათ სამედიცინო დახმარება. 3 იანვარს, დილით, ზურაბ ფოფხაძემ საცხოვრებელი სახლი დატოვა, ბურძენაძემ კი სასწრაფო მას შემდეგ გამოიძახახა, რაც მურად წურწუმიას მდგომარეობა დამძიმდა.

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს II განყოფილების უფროსი ზურაბ ფოფხაძე, რომელიც სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

6 იანვარს მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ გარდაცვლილის დედა ცნო და ასევე დაზარალებულად ცნო მუხრან ჩხვირკია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ექსპერტთან ერთად, ოჯახთან შეთანხმებით, 8 იანვარს ესწრებოდა გარდაცვლილი მურად წურწუმიას გარეგნულ დათვალიერებას, რის შედეგადაც არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ვახტანგ ბურძენაძე ორჯერ გამოკითხეს, მას არ აკავებდნენ და ხელწერილით იყო გათავისუფლებული. 8 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნის შედეგად, ვახტანგ ბურძენიძეც დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში