სოფელ მარადიდში მცხოვრები ოჯახები, მათ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი დღეს შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ადგილობრივები პროცესის შეჩერებას ითხოვენ და ჰესის მშენებელ კომპანიას კომპენსაციის გაცემისკენ მოუწოდებენ. მიწის ნაკვეთების ნაწილი, ჰესის მშენებლობის დასრულების გამო უნდა დაიტბოროს.
მარადიდელები ქონების დათმობას მანამ არ აპირებენ, ვიდრე ჰესის მშენებელი კომპანია, მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას საბაზრო ფასში არ გამოისყიდის.
ადგილობრივები ყვებიან, რომ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგან არარეალურ თანხას სთავაზობენ. აქციის მონაწილეებმა ასევე თქვეს, რომ კომპენსაცია უნდა გაიცეს იმ ოჯახებზე, რომლებიც სოფლებში რჩებიან, იმიტომ რომ ჰესის აშენების შემდეგ მარადიდში გარემოპირობები შეიცვლება.
ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მიიღო, რასაც მოქალაქეების აქციები მოჰყვა. გაფრთხილების ცნობა მოსახლეობამ სამინისტროსგან უკვე მიიღო.
დღეს აქციაზე ხელვაჩაურის მერიც მივიდა. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ის მედიატორის ფუნქციას შეასრულებს. მოქალაქეებს კი საკითხის მოლაპარაკების გზით გადაჭრა შესთავაზა. შეხვედრა შაბათს 2 საათზე დაანონსდა, რომელსაც მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.
მოსახლეობის ნაწილი შეხვედრაზე თანახმაა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰესის მშენებელ კომპანიას დაუკავშირდა, მოგვაწოდეს იურისტის ნომერი. ამ ეტაპზე ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ ადგილზე ხელვაჩაურის მერი იმყოფებოდა, შეხვედრა კი შაბათს გაიმართება.
დავუკავშირდით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაც, სადაც კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.