მაღალმთიან აჭარაში თოვს. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბაში 30 სანტიმეტრია.
მერიის ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები.
შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში. შუქი არ მიეწოდება ფუშრუკაულის, სხალთის დიოკნისის, ღორჯომის და დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეულების ზოგიერთ სოფელს. ''ენერგო პრო ჯორჯიას'' ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
შუახევის მაღალ სოფლებში კი თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 7 ერთეული ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სოფლებს: ზამლეთს, უჩამბას ჭვანის, ბარათაულის, დღვანის, წყალსაყარისა და დაბა შუახევის ნაწილს.
მერიის განმარტებით, მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო შტაბი და მოქმედებს ცხელი ხაზი.
ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. ხოლო დაბალ სოფლებში 10 სანტიმეტრია. გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი.
თოვლმა პრობლემები შექმნა ელექტრომომარაგების კუთხით. ამ დროისთვის დენი არ მიეწოდება მერისის ადმინისტრაციულ ერთეულსა და მერისის თემს ნაწილობრივ.