პირველი ეთნოსოფელი აჭარაში - კიდევ ერთი ტენდერი მაჭახელაში პროექტის განსახორციელებლად 

22 ოქტომბერი 2019, 15:52 3781 ნახვა

მაჭახლის ხეობაში ეთნოსოფლის მოსაწყობად, აჭარის ფინანსთა  სამინისტრო ტენდერს აცხადებს. 

სამინისტრო მზადაა 110 ათასი ლარი გადაუხადოს კომპანიას, რომელიც სოფელ აჭარისწყალში ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრისა, ხოლო ზედა ჩხუტუნეთში საზოგადოებრივ მრავალფუნქციურ ობიექტის პროექტებს შესთავაზებს.

კომპანიამ ამ თანხაშივე,  სოფლის ცენტრში განთავსებული უსახური შენობების დემონტაჟისა და ახალი სავაჭრო-მომსახურების ობიექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც უნდა შეადგინოს. მათ შორის, როგორ და რა თანხაში დაშლიან  სოფელ ჩხუტუნეთში "კულტურის სახლს", რომლის ნაცვლადაც ახალი საზოგადოებრივი ცენტრი უნდა გაიხსნას.

უწყების  ინფორმაციით, სულ 4 ობიექტის დემონტაჟია დაგეგმილი -  "კულტურის სახლის" გარდა, უნდა დაიშალოს ერთი კერძო საკუთრებაში არსებული მაღაზია და ორი ძველი, კოლმეურნეობის დროს აშენებული შენობა, რომლებიც ადრე საცხობად და მაღაზიად გამოიყენებოდა.

სამინისტროში ირწმუნებიან, რომ  კერძო მფლობელებთან  საინტერესო წინადადებები აქვთ და დემონტაჟზე შეთანხმებას მარტივად  მიაღწევენ.

ვიზიტორთა ცენტრის მიზანი ეთნოსოფლის თაობაზე   ტურისტის ინფორმირება და  სოფლის  მართვა იქნება,  საზოგადოებრივი ცენტრი კი, ზედა ჩხუტუნეთსა და მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან იმუშავებს. 

ამ შენობების გარეთ იგეგემება  ღია საექსპოზიციო და მრავალფუნქციური სივრცის მოწყობა. იქნება ტერასა, პარკინგი, ღია მრავალფუნქციური სივრცე მწვანე საფარით. მდინარესთან კი მოეწყობა  ლითონის მოაჯირი. 

სამინისტროს გათვლით, სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. მათივე განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდეს.

საქართველოში პირველ ეთნოსოფლის  მოწყობაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. მაშინ  აჭარის ფინანსთა სამინისტრომ მაჭახლის ხეობის განვითარების კონცეფციისთვის ტენდერიც გამოაცხადა და 385 ლარი გადაიხადა.


სატენდერო წინადადებების მიღება 28 ოქტომბერს მთავრდება.

 

მაჭახელას ხეობის მცხოვრებელები ჰესიების წინააღმდეგ. ისინი ამბობენ, რომ მაჭახელას მომავალი ეკოტურიზმის განვითარებაა და არა ჰესების მშენებლობა. ამ ხეობაში ჰესის მშენებლობაზე ნებარტვაა გაცემული...

 

 

 

 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში