ძველ ბათუმში ორი ისტორიული სახლი ინგრევა, სადაც „პროგრეს სიტი“ სასტუმროს ააშენებს

03 ოქტომბერი 2019, 14:23 4333 ნახვა

ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე, შპს „პროგრეს სიტი“ 15  მეტრის სიმაღლის სასტუმროს მშენებლობას აპირებს.  ამ წუთებში შენობას, სამშენებლო ღობეს უკეთებენ.  

იგეგმება ორი ისტორიული სახლის დანგრევა, ჟორდანიას #27 და მაზნიაშვილის #17 ერთ საკადასტრო რუკაზეა მოცემული. 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორივე სახლი შპს "პროგრესს სიტის" მფლობელობაშია. "პროგრესს სიტის" 70%-იანი წილის მფლობელი შპს "ალიანს გრუპის" დამფუძნებლის გია ბიწაძის შვილი, თემურ ბიწაძეა.   

პროექტი 2019 წლის 12 თებერვალს, ზონალურმა საბჭომ შეითანხმა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა და მისმა მოადგილემ ოლეგ ბოლქვაძემ, ძველ ბათუმში - ისტორიული სახლების დანგრევაზე თანხმობა გასცეს.  ორსართულიანი სახლების ნაცვლად კი, ისტორიულ ქალაქში 5 სართულიანი სასტუმრო აშენდება. კანონმდებლობით, სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. 

გადაწყვეტილება ე.წ. "ზონალურ საბჭოზე" 8 თებერვალს მიიღეს, რომლის წევრების უმრავლესობა ჩინოვნიკია. ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება ე.წ. ზონალური საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნუგზარ ძნელაძე, რომელიც აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსია. 

საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ბათუმის მთავარი არქიტექტორი მირიან მეტრეველია. ოქმში წერია, რომ ის პროექტს "ითანხმებს". 

უნივერსიტეტის ინჟინერიის და მშენებლობის დეპარტამენტის დეკანი გაიოზ ფარცხალაძე ერთადერთი იყო, რომელმაც ისტორიული ქალაქში შემოთავაზებული სასტუმროს პროექტის არქიტექტურა დაიწუნა და უარი უთხრა კომპანიას.

საზოგადოება "ბათომმა" ბათუმის მერს, 2019 წელს სპეციალური მიმართვაც გაუგზავნა, სადაც ლაშა კომახიძეს თხოვდა, არ მოეწერა ხელი ძველ ბათუმში ორი  ისტორიული სახლის დანგრევაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს მერიაში უთხრეს, რომ სასტუმროს მშენებლობის  ნებართვა აგვისტოში გაიცა, რადგან ნებართვის გაცემა სასამართლომ დაავალდებულა. 

რა დაავალდებულა სასამართლომ მერიას და ეწინააღმდეგება თუ არა 15 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა, ლაშა კომახიძის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლითაც ძველ ბათუმში, 12 მეტრიანზე მაღალი შენობების მშენებლობა იკრძალება? 

„სასამართლო გადაწყვეტილებით,   წარმოება დაწყებულია 12 მეტრიანი შეზღუდვის დაწესებამდე, შესაბამისად ეს რეგულაცია ამ მშენებლობაზე ვერ გავრცელდება“ - გვითხრა მერიის იურისტმა ნათია ბურძგლამ.

მისივე განმარტებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, კომპანიას შეუძლია წარადგინოს 15 მეტრიანი შენობის პროექტი ძველ ბათუმში, თუმცა საბჭოს ან არქიტექტურის სამსახურს,  შეუძლია იმსჯელოს და მიიჩნიონ, რომ ეს შენობა და მისი მასშტაბი შეესაბამება  ან არ შეესაბამება იმ ტერიტორიას, სადაც არის დაგეგმილი მშენებლობა.

  

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი