გოდერძიმდე 4 წელია დაუგებელ გზას ივანიშვილის კორუფციული პროექტი დაერქვა - "ნაციონალური მოძრაობა" 

17 სექტემბერი 2019, 13:10 2403 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა, თუმცა სამუშაოების დაწყება 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. 22 ივლისს კომპანიაში, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ტერიტორიის გეოდეზური გადაღება და დამოწმება დასრულებულია.  აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, აგვისტოს ბოლოს დაიწყებოდა.

ხელშეკრულებით, გზის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. მიუხედავად  დარჩენილი მცირე ვადებისა, მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს და უშუალოდ გზის დაგება არ დაწყებულა. 

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრმა, რეზო ხარაზმა დღეს ბრიფინგი გამართა და 110 მილიონიანი პროექტის გაჭინაურება, კორუფციულ გარიგებებს დაუკავშირა.  "ეს არის ქართული ოცნების პროექტი რეგიონში და კორუფციული გზით იხარჯება, ამ პროექტს უკვე დაერქვა ბიძინა ივანიშვილის კორუფციული პროექტი, ეს ფული არჩევნებზე გამოიყენეს, შედეგი სახეზე არ ჩანს" - ამტკიცებს ოპოზიციის წევრი, რეზო ხარაზი. ამბობს, რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაში უნდა იყოს, ხოლო დახარჯული თანხა საზოგადოებისთვის დათვლადი. 

ოპოზიციის განცხადებას არ პასუხობენ აჭარის მთავრობაში, ამბობენ რომ ტენდერი  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა და მათი პროექტია. 

29 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე კი, ამ თემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პროექტი  ნელი ტემპით მიმდინარეობს და ყველა მექანიზმს გამოიყენებს სახელმწიფო სამუშაოების დასაჩქარებლად. 

ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანია ,,ტოდინში” განმარტავენ, რომ სამუშაოები ამ ეტაპზე ორ ადგილზე -  მერვე და ოცდამეერთე კილომეტრზე მიმდინარეობს. ირწმუნებიან, რომ პროცესი შეჩერებული არაა და საექსკალაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:   

მამუკა ბახტაძე გოდერძიზე ვერტმფრენით ჩაფრინდა, თუმცა გზის შესახებ მაინც ყველამ უთხრა   

ხულო - გოდერძის გზა     

ხულო - გოდერძის გზის მშენებლობა  

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია - განცხადებები 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში