ბათუმის ისტორიულ კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა - მერიაში მოქალაქეების კონტრარგუმენტები უნდა მოისმინონ

14 აგვისტო 2019, 12:21 3115 ნახვა

ხვალ, 15 აგვისტოს, 10 საათზე , მუნიციპალიტეტში ბათუმის კონცხზე, რივიერას 5 ცათამბჯენის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტების საჯარო განხილვა გაიმართება. საზოგადოება "ბათომმა", საინიციატივო ჯგუფმა "დაიცავი ბათუმი" და 800-მდე ბათუმელმა, ხელმოწერილი დოკუმენტი 9 აგვისტოს შეიტანეს მერიაში. დოკუმენტში ის  რეკომენდაციები და არგუმენტებია მოყვანილი, რომლის გამოც ქალაქელების ნაწილი ეწინააღმდეგებიან კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობას. 

დოკუმენტში ორი მთავარი მიზეზია მოყვანილი, რის გამოც ქალაქელებს არ სურთ  პროექტის განხორციელება, რომელიც სასტუმროს გარდა, საცხოვრებელი სახლების მშენებლობასაც ითვალისწინებს. 

ბათუმის კონცხი - რივიერა, ისტორიული ქალაქის შემადგენელი ნაწილია და საინიციატივო ჯგუფისა და საზოგადოება ბათომის მტკიცებით, მისი განაშენიანება ცათამბჯენებით არღვევს კანონს. ასევე, მიიჩნევენ რომ ძველ ბათუმს უკარგავს ისტორიულ იერსახეს და ისტორიული ქალაქის სანაპიროსთან კონტაქტს სრულად ახშობს. 

მეორე არგუმენტები კი ეკოლოგიურ საფრთხეებს ეხება - 800 მდე მოქალაქე და "ბათუმის დამცველები"  ეყრდნობიან მულტიდისციპლინარულ კვლევას, რომელიც გაეროს დაფინანსებით ჩატარდა და სადაც ნათქვამია, რომ კონცხზე მასშტაბური მშენებლობები საფრთხის შემცველია. „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა,“ - ამონარიდი კვლევიდან.

ბათუმის მერიას და "სილქ როუდ ჯგუფს" კი კონტრარგუმენტები აქვთ. "სილქ როუდ ჯგუფის" წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ იტალიურ კომპანიას დაუკვეთეს 100 000 ევროს ღირებულების  კვლევა, რომელიც ამ საფრთხეებს აბათილებს. იტალიელი სპეციალისტების მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სწორედ ამ კვლევას ეყრდნობა და პროექტის განხორციელებაში პრობლემას ვერ ხედავს. 

რაც შეეხება ისტორიული ზონაში მშენებლობის საკითხს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უკვე არის აგებული რამდენიმე მაღლივი კორპუსი. შესაბამისად, კანონს არ არღვევენ და ყველა საკანონმდებლო ნორმაში ჯდება პროექტის განხორციელება. 

დღეს, 2 საათზე, საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ბათუმის" წევრები ბრიფინგს მართავენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში