რივიერას პროექტი საფრთხეს უქმნის ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას - მიმართვა პრემიერსა და სახალხო დამცველს

31 ივლისი 2019, 14:03 2211 ნახვა

საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის რისკებს ეხება. 

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა მომზადდეს. 

მათი შეფასებით პროექტი საფრთხეს უქმნის ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას, კერძოდ – ისტორიულად ჩამოყალიბებულ  ხედებსა  და  პანორამებს,  სოციალურ–ეკონომიკურ და  კულტურულ კონტექსტს.

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ.

განცხადების შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:

''მოგეხსენებათ, რომ ქ. ბათუმში შპს რივიერამ წარმოადგინა ქ.ბათუმში[1], გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთების განაშენიანების გეგმა. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა, რომლის ღირებულებაც 65 მილიონი აშშ დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარი ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარებას, წარმოადგენს პროექტის – „ბათუმი რივიერას“ პირველ ფაზას.

სქოლიო 1
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თურმე წარმოდგენილი განაშენიანების გეგმა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლას. ეს  მაშინ, როცა წარდგენილი პროექტი არის დაგეგმილი პროექტის ნაწილი და, შესაბამისად, საბოლოო ჯამში მას ექნება საკმაოდ დიდი ზემოქმედება ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ დაგეგმილია ლაგუნის შემოჭრა ხმელეთზე, რაც სრულად ცვლის სანაპირო ზოლს.

პროექტის განხორციელება საკმაოდ პრობლემატურია, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ქ.ბათუმში, კონკრეტულად ბათუმის კონცხის გარშემო, მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კლიმატის ცვლილებისა და აგრეთვე მდ.ჭოროხიდან ნატანის ჩამოტანის შეჩერების გამო.

შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკა ბათუმის კონცხთან საკმაოდ პრობლემატურია, როგორც ეს აღნიშნულია არა ერთ ნაშრომში და რასაც არაერთი მეცნიერი ამტკიცებს[2]: ბათუმის კონცხის აგებულებაში ქვიშა მონაწილეობს მხოლოდ როგორც შემავსებელი, დაახლოებით 10-15%-ის ოდენობით. ბათუმის კონცხი, ისევე როგორც სხვა აკუმულაციური კონცხები, ძალზე დინამიკური და მგრძნობიარეა ბუნებრივი და ანთროპოგენული მოვლენების მიმართ. გაბატონებული ტალღების სამხრეთ-დასავლეთისა და დასავლეთის რუმბის ღელვების დროს, ბათუმის კონცხის წყალზედა და წყალქვეშა ფერდზე გროვდება ნატანი, ხოლო აკუმულირებული ნატანის ჭარბი მოცულობა იკარგება დიდ სიღრმეებში. ეს პროცესი ძალზე ნეგატიურად მოქმედებს კონცხის მდგრადობაზე, შესაბამისად, საშიში ხდება ქალაქის ამ მონაკვეთის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ აქ მშენებლობის განხორციელებაზე. კონცხის ტექნოგენური დატვირთვა მეწყრული პროცესების პროვოცირება-განვითარების საშიშროებას ქმნის, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი[3].

სქოლიო 2, 3
იგივე საშიშროება აღწერილია „აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში“, რომელიც წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოში საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების განუყოფელ ნაწილს. სტრატეგიის ავტორთა განცხადებით, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა[4]“.

დეველოპერმა[5] და ბათუმის მერმა[6] ეჭვქვეშ დააყენეს ამ ნაშრომის რელევანტურობა და განაცხადეს, რომ კვლევა არა გაერომ, არამედ სხვადასხვა სამინისტროს სპეციალისტებმა შეასრულეს და რომ კვლევა იყო თეორიული. მათი არგუმენტების უსუსურობას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მესამე ეროვნული შეტყობინების საფუძველზე დაწყებულია რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ წამოწყებული ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის პროექტი.

სქოლიო 4, 5, 6
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არ არის მომზადებული ბათუმის სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებებისა და შავი ზღვის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპების[7] შესაბამისად. ეს გეგმა შეძლებდა სრულფასოვნად გაეცა პასუხი საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებაზე.

ამასთან, ცნობილია, რომ სანაპიროზე სასტუმროებისა და სახლების მშენებლობა ზრდის გარემოზე ანთროპოგენურ ტვირთს და აუარესებს პლაჟებისა და სანაპირო წყლების ხარისხს.[8]

სამინისტროსა და მერიისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი, დაგეგმილ შენობათა კომპლექსს რა ტიპის ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ქალაქში ჰაერის მასებზე. დეველოპერის მტკიცებით, ამ სახის ზემოქმედება იმიტომ არ იქნება, რომ პროექტით დაგეგმილ ასაშენებელ შენობა-ნაგებობებს შორის დაშორება 100 მეტრი იქნება. ეს არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, გვექნება თუ არა აქ ვენტურის ეფექტი (გაზრდილი ქარის სიჩქარე), თუ ის პირიქით შემცირდება. ამასთან, შესასწავლია რა ზემოქმედება ექნება კომპლექსს ქ. ბათუმის ჰაერის ხარისხზე, როგორც მშენებლობის, ასევე მისი ექსპლუატაციის დროს[9].

სქოლიო 7, 8, 9
ჩვენი შეფასებით პროექტი საფრთხეს უქმნის ქალაქ ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას, კერძოდ – ისტორიულად  ჩამოყალიბებულ  ხედებსა  და  პანორამებს,  სოციალურ–ეკონომიკურ და  კულტურულ კონტექსტს. ამასთან,  პრეზენტირებული საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს ქალაქის ისტორიული ნაწილის „გენეტიკურ კოდს“, მისი იდენტურობის განმსაზღვრელ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: განაშენიანების  გეგმარებითი  სტრუქტურა,  მორფოლოგია,  შენობების  მასშტაბი,  ხასიათი,  სილუეტი, იერ–სახე  და  ლანდშაფტი.

გამომდინარე, ყოველივე ზემოთქმულიდან, გთხოვთ, უზრუნველყოთ ქალაქ ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა და ამისთვის:

მოსთხოვოთ შპს ბათუმი რივიერას განაშენიანების სრულფასოვანი დოკუმენტაცია უზრუნველყოთ გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების პროცედურა სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპებთან შესაბამისობაში'' - წერია განცხადებაში. 

„რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

„სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის, იახტ კლუბისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს, დაიწყება საჯარო განხილვები.

პირველი შეხვედრა საკრებულოში ხვალ არის ჩანიშნული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში