სიმაღლის შეზღუდვის მიუხედავად, დაუშვებს თუ არა საბჭო ძველ ბათუმში 5 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას 

08 თებერვალი 2019, 00:00 3215 ნახვა

ბათუმის ისტორიულ ნაწილში მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით,  2018 წლის 30 აპრილიდან, 12 მეტრიან შენობებზე მაღალი სახლების აგება აიკრძალა.

ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და არქიტექტურის სამსახურმა, ხელოვნებათმცოდნეებისა და სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიიჩნიეს, რომ 12 მეტრი სიმაღლის შენობები ძველი ქალაქის ურბანული ქსოვილის შესანარჩუნებლად, აუცილებელი პირობა იყო.

რეგულაციის შესახებ ბათუმის მერმა და აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საზეიმოდ გამოაცხადეს და თქვეს, რომ მათი გადაწყვეტილებით შეინარჩუნებენ ისტორიულ ქალაქს.

არასრული ერთი წლის თავზე,  ე.წ. ზონალურ საბჭოზე, ჟორდანიას 27 ნომერში, 5 სართულიანი სახლის მშენებლობის პროექტი შევიდა, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. ეს კი ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნულ მერის გადაწყვეტილებას.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა განაცხადა, რომ  ჟორდანიას 27 ნომერში, ძველ ბათუმში  5 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე  კომპანია „პროგრეს სიტის“  უარს სიმაღლის გამო ვერ ეტყვიან, რადგან არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ამიტომ მხოლოდ  არქიტექტურულად უნდა განიხილონ პროექტი, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების რეკომენდაციით თანამედროვე უნდა იყოს და იგი შეესაბამება მათ რეკომენდაციას.

რა გადაწყვიტა სასამართლომ და რატომ შეიძლება მიეცეს უფლება ერთ კომპანიას ააშენოს 5 სართულიანი შენობა ძველ ბათუმში მაშინ, როცა მერიის გადაწყვეტილებით ურბანული თვალსაზრისით მაღალი შენობები შეუსაბამოა ქალაქის ისტორიულ ნაწილში.

სასამართლო დავა  „პროგრეს სიტიმ“  2017 წლის 3 ივლისს დაიწყო, როგორც აღმოჩნდა კომპანიას მერიამ, სამშენებლო ნებართვის წარმოების პირველ ეტაპზე  ვადა დაარღვია და კომპანიას უარი განუცხადა ნებართვის გაცემაზე დოკუმენტების არასრულად წარდგენის გამო.

2018 წლის ივლისში, სასამართლომ დაადგინა რომ კომპანიის წინააღმდეგ მერიამ მართლაც დაარღვია წარმოების ვადა და ამასთან, მერიამ ვერ დაასაბუთა რა დოკუმენტები ჰქონდა კომპანიას არასრულად წარდგენილი.

შესაბამისად, ბათუმის მერიას დაევალა გამოეცა  სამშენებლო ნებართვის წარმოების დაწყების აქტი, რომლის მეორე ეტაპიც პროექტის წარდგენაა.

ვინაიდან 12 მეტრიანი შეზღუდვა ძველ ბათუმში 2018 წლის 30 აპრილს ამოქმედდა, იურისტები მიიჩნევენ, რომ კანონით კომპანიას 15 მეტრიანი  სასტუმროს პროექტის წარდგენის უფლება აქვს, რადგან საკრებულოს დადგენილებით,  სიმაღლის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მშენებლობებზე, რომლებზეც ნებართვები 30 აპრილამდე გაიცა,  ან მშენებლობაზე დაწყებულია საქმის წარმოება.  

„სასამართლო გადაწყვეტილებით,   წარმოება დაწყებულია 12 მეტრიანი შეზღუდვის დაწესებამდე, შესაბამისად ეს რეგულაცია ამ მშენებლობაზე ვერ გავრცელდება“ - გვითხრა მერიის იურისტმა ნათია ბურძგლამ.

მისივე განმარტებით, სასამართლო სამ გადაწყვეტილებით, კომპანიას შეუძლია წარადგინოს 15 მეტრიანი შენობის პროექტი ძველ ბათუმში, თუმცა საბჭოს ან არქიტექტურის სამსახურს,  შეუძლია იმსჯელოს და მიიჩნიონ, რომ ეს შენობა და მისი მასშტაბი შეესაბამება  ან არ შეესაბამება იმ ტერიტორიას, სადაც არის დაგეგმილი მშენებლობა.

ანუ საბჭოსთვის, სასამართლო გადაწყვეტილებით არჩევანის უფლება სიმაღლესთან დაკავშირებით არ დაუწესებია.   არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც მიაჩნია რომ  ისტორიული ქალაქის ურბანულ ქსოვილს არღვევს მაღალი შენობები, შეუძლია უარი უთხრას  მშენებელს პროექტის დამტკიცებაზე.  

საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ  საბჭო ძირითადად არაკომპეტენტური ჩინოვნიკებით არიან დაკომპლექტებულები  და ისე წარმოაჩენენ, თითქოს სხვა გზა არ აქვთ და აუცილებლად უნდა დაამტკიცონ  შესული პროექტები.

  ეუბნები,  რომ დანაშაულია და არ აინტერესებთ.  უპრობლემოდ აგებენ ახალ შენობებს  ისტორიული სახლების ნგრევის ხარჯზე.  არადა, თავად მერიის გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ძველ ბათუმში მაღალი სართულიანობა ბათუმის ისტორიულ სახეს არღვევს. ეს თქვა ბათუმის მერმა მისი გადაწყვეტილებით, ეს თქვეს საკრებულოს წევრებმაც და აქ არის კერძო ბიზნესმენის ინტერესი. ამ ზონაში, 12 მეტრიანი შეზღუდვის გარდა,  1994 მიღებული დადგენილებით 3 სართულიანზე მაღალი შენობის აგება არ შეიძლება“ - თქვა შოთა გუჯაბიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.  

 

 

ამავე კატეგორიაში