ბათუმის მერია 225 ცალ ტელევიოზრს ყიდულობს. ტენდერი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად შესყიდვის საერთო ღირებულება 61 875 000 ლარია.
დოკუმენტაციიის მიხედვით: შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი. ტელევიზორის ეკრანის ტიპი: LED, ეკრანის დიაგონალი:არანაკლებ 24" (61სმ).
მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ტელევიზორების შეძენა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მოხდება და შეძენილი ნივთები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.
"წლის დასაწყისში ხდება შესწავლა პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ოჯახებს რა საჭიროებები აქვთ და ამის მიხედვით ვაცხადებთ ტენდერებს. ერთი კომპონენტი არის სარემონტო მასალების შესყიდვა. ამ შემთხვევაში მერია ბენეფიციარებს ვაუჩერს აძლევს, დაახლოებით 1200 ლარის ფარგლებში. მეორე კომპონენტია საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. აქაც შესწავლის საფუძველზე ხდება საჭირო ნივთების დაანგარიშება, რის შემდეგადაც ვაცხადებთ ტენდერს. ამ ეტაპზე ტელევიზორების შესყიდვის საჭიროება გამოვლინდა, ვაპირებთ ლეიბების შესყიდვასაც“- ამბობს აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე.
მისივე თქმით, პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას ემსახურება.
იმისათვის, რომ ახალმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ გავლენა არ მოახდინოს სოციალურად დაუცველი ოჯახის სარეიტინგო ქულებზე მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის გადაცემასთან ერთად გადასცემს ცნობას, რომ ნივთი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აქვს მიღებული.
მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის პროგრამას ბათუმის მერია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარია. საშუალოდ ერთ ბენეფიციარზე 1000 ლარი იხარჯება. პროგრამა წელს დაახლოებით 500 ბენეფიციარს დააკმაყოფილებს.
სატენდერო წინადადებების მიღება გუშინ დასრულდა. ამ ეტაპზე სატენდერო კომისია წინადადებების შერცევა-შეფასების ეტაპზეა. გამარჯვებული სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოვლინდება.