მოქალაქეები მომავალი წლიდან ''112'' მომსახურების საფასურს აღარ გადაიხდიან 

05 ივლისი 2019, 15:37 1544 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელის თანახმადაც მოქალაქეებს ყოველთვიურად „112“-ის მომსახურების საფასურს გადახდა უწევდათ. ის ფიზიკური პირისთვის 20 თეთრს ხოლო, იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის -50 თეთრს შეადგენდა. 

სარჩელი მთავრობის წინააღმდეგ, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფმა'' შეიტანეს.  

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს „112“-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას.  საკუთრების უფლებაში ჩარევა კი ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

მხარე ფიქრობდა, რომ ეს ნორმა ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამავდროულად ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ „112“-ის განსხვავებული ტარიფის აუცილებლობა არ იყო და დისკრიმინაციის ნიშნები ჩნდებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „112“-ის საფასურის გადახდის სატელეფონო  აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება „112“-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას.

''სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად „112“ დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული'' - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუ პარლამენტი 31 დეკემბრამდე 112 საფასურის გადახდას კანონით დაარეგულირებს, მაშინ მოქალაქეებს ყოველთვიურად თანხის გადახდა მაინც მოუწევთ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში