გრანიტის დეტალები აივანს მოძვრა, ავტომობილს დაეცა და შუშა გაუტეხა - ევროპის მოედანზე სახლის ფასადი დაზიანდა

04 ივლისი 2019, 13:44 2825 ნახვა

ევროპის მოედანზე, ყოფილი კინოთეატრის შენობის ნაცვლად აგებული საცხოვრებელი სახლიდან, ფასადის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. გრანიტის დეტალები აივანს, დუმბაძის ქუჩის მხრიდან მოძვრა, გაჩერებულ ავტომობილს დაეცა და შუშა გაუტეხა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. 

შემთხვევა 1 ივლისს მოხდა, თუმცა მანამდეც დაფიქსირდა მცირე ზომის ბათქაშის ჩამოყრის შემთხვევებიც. სამი დღის შემდეგ, ადგილზე სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა, ტერიტორია არც სპეციალური ლენტით შემოუსაზღვრავთ, რაც ტურისტულად დატვირთულ ადგილზე, შესაძლოა ქვების ცვენის გამო საფრთხის შემცველი იყოს. 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე ფაქტის დაფიქსირების დღესვე მივიდნენ და საცხოვრებელი კორპუსის მშენებარე კომპანიას შეატყობინეს ფაქტის შესახებ. ძველი ბათუმის სერვისცენტრის მენეჯერმა, ირაკლი დევაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ წერილობითი შეტყობინება კომპანიისთვის არ გაუგზავნიათ, თუმცა ფაქტის შესახებ სიტყვიერად აცნობეს. 

"მშენებლობის დამკვეთი ვალდებულია ობიექტის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში, თუ სახლს რაიმე ტიპის დაზიანება ექნება, თავადვე შეაკეთოს. პირველ რიგში,  მსგავსი ფაქტის დაფიქსირების დროს ჩვენ მივდივართ ადგილზე და ვუგზავნით შეტყობინებას მშენებარე კომპანიას, 10 დღის ვადაში კი მას უნდა ჰქონდეს რეაგირება" - გვითხრა ირაკლი დევაძემ. 

თუ 10 დღეში არ მოხდება დაზიანებული ფრაგმენტების შეკეთება, მერიამ უკვე ჯარიმების გამოწერა უნდა დაიწყოს. 

რატომ არ არის შემოსაზღვრული ტერიტორია სპეციალური დამცავი ლენტით, ან არ არის გამაფრთხილებელი ბანერი საფრთხის შესახებ?  მერიაში გვითხრეს რომ ამაზე პასუხისმგებელი კეთილმოწყობის სამსახურია, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. 

 

ფოტო სოციალური ქსელიდან: ლევან ხუჯაძე 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში