რამდენიმეთვიანი მოლოდინის შემდეგ, მერიაში მუსლიმ თემთან შეხვედრა დაიწყო

21 ივნისი 2019, 10:44 2895 ნახვა

გამოიყენებს თუ არა ბათუმის მერია მეხუთე შანსს დღეს გახდება ცნობილი, რამდენიმეთვიანი მოლოდინის შემდეგ, მერიაში მუსლიმ თემთან შეხვედრა დაიწყო.

მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. 

მხარეებს სასამართლომ, 12 ივნისს გამართულ სხდომაზე, გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტული ვადები განუსაზღვრა. მოსამართლემ ჯუმბერ ბეჟანიძემ თქვა, რომ პირველი შეხვედრა 21 ივნისს უნდა გაიმართოს, შემდეგი კი 17 დღეში. 

მხარეებმა შეხვედრებზე კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

დიალოგის დაწყების ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნის, იურისტმა სხდომის გადადება რამდენჯერმე, მოლაპარაკების დაწყების მოტივით მოითხოვა და თქვა, რომ ამისთვის მხარეებს გონივრული ვადა სჭირდებოდათ. 

ესწრება თუ არა შეხვედრას ბათუმის მერი უცნობია, რადგან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი შეხვედრაზე არ იმყოფება. გადამღებ ჯგუფს კი, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მერიის შენობის მეორე სართულზე ასვლის უფლებას არ აძლევდნენ. 

მოლაპარაკების პროცესში ჩართულები არიან  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტები.

''ლაშა კომახიძე შეხვედრაზე დასწრებას 8 ივლისს შეძლებს. დღეს კი მოლაპარაკების მაგიდასთან სავარაუდოდ, არქიტექტურის, აპარატის, იურიდიული სამსახურის თანამშრომლები იქნებიან. რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ. მუსლიმი თემი კონკრეტულ შეთავაზებას ელოდება და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს დავით ბერძულმა. 

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი ბათუმში ახალი მეჩეთის მშნებლობის ფონდის ხელმძღვანელმაც გააკეტა. ნოდარ პაქსაძე ამბობს, რომ მოთხოვნები უცვლელია. 

''ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი საკუთრების სხვაზე გადაცემას და მასზე საკუთრების უფლების დაკარგვას. ვითხოვთ დისკრიმინაციის დადგენას და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აღიარებას, მშენებლობის ნებართვას'' - განაცხადა პაქსაძემ. 

2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს, მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს.

სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი