უმჯობესია პარტიაში იმუშაოს - ფბ სტატუსის გამო, ოპოზიცია ბათუმის ოლქის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს 

24 მაისი 2019, 13:04 871 ნახვა

ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ითხოვს. გია აბულაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ციალა შავაძე პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს და უმჯობესია ოლქის ნაცვლად პარტიაში იმუშაოს. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, 2020 წლის არჩევნებამდე ის დაკავებული პოზიციიდან  გადააყენონ. 

ენმ-ში ირწმუნებიან, რომ შავაძე ''ქართულ ოცნებასთან'' დაახლოებული პირია და შესაბამისად, პარტიის ინტერესებს ატარებს. ამბობენ, რომ ოლქის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე, ის ოცნების აქტივისტი იყო და პარტიაში მუშაობდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის ოლქის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. ციალა შავაძემ თქვა, რომ მსგავს განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს. დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მაუწყებელი ცესკოს-გან კომენტარს, უკვე მეორე დღეა ელოდება. 

გუშინ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ბათუმის #79 ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის სტატუსთან დაკავშირებით, ცესკოს მოკვლევის დაწყება ურჩია.

„ჩემი ხულოელების დემოკრატიული და ღირსეული პასუხი ერთ გაურკვეველი წარმოშობის  „ქართველს“- ეს სტატუსი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში სოციალურ  ქსელში გამოაქვეყნა. სტატუსის ბოლოს ჰეშთეგით ცესკოს სლოგანიც იყო მითითებული. ფეისბუქ - პოსტი შავაძემ გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში