ცესკოს წარმომადგენლის წაშლილი სტატუსი არჩევნების მეორე დღეს - ჰქონდა თუ არა სტატუსს პოლიტიკური ელფერი?

22 მაისი 2019, 19:23 3567 ნახვა

 

ბათუმის #79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ, არჩევნების მეორე დღეს, 20 მაისს, დილით სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა. ​

''ჩემი ხულოელების დემოკრატიული და ღირსეული პასუხი ერთი გაურკვეველი წარმოშობის ''ქართველს'' #მეამაყებიხულო ​ #დემოკრატიისსერვისი

ციალა შავაძემ ეს სტატუსი დღის ბოლოს წაშალა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა სტატუსი ეხებოდა თუ არა არჩევნებს და იგულისხმებოდა თუ არა "გაურკვეველი წარმოშობის "ქართველში" მიხეილ სააკაშვილი ან რომელიმე პოლიტიკური ფიგურა.  

ამ კითხვით ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარეს მივმართეთ.  ციალა შავაძემ გვითხრა, რომ სტატუსი პოლიტიკური ხასიათის არ იყო და ის, არა როგორც თანამდებობის პირმა, არამედ ერთმა რიგითმა მოქალაქემ დაწერა.

''ამ პოსტს არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს, მე არ ვიცი ვინ როგორ გაიგო და აღიქვა. მეორე ის, რომ ამ პოსტის დადებით, ჩემი აზრის გამოხატვით არანაირი კანონი არ დამირღვევია. ეს იყო ჩემი, როგორც არა ოლქის თავმჯდომარის, არამედ როგორც ერთი მოქალაქის და წარმოშობით ერთი ხულოელის აზრი, რომლის გამოხატვასაც ნამდვილად ვერავინ დამიშლის,'' - თქვა ციალა შავაძემ.

სტატუსი ცისფერი გულით სრულდებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს სიმბოლო კავშირში მმართველი გუნდის, ''ქართული ოცნების'' პარტიულ ფერთან? შავაძემ თქვა, რომ ეს გული ფირუზისფერი იყო და არა ცისფერი. 

''გულები არის მრავალფეროვანი ''სმაილიკებში'' და რომელსაც გინდა აირჩევ. როგორც კი გავხსენი ეს ფერი მომყვა პირველი. თორემ არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ აქვს''.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ ლაივის დროს შემდეგი ფრაზა თქვა ''ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?''.  იყო თუ არა ეს გამონათქვამი ცესკოს წარმომადგენლის სტატუსის მთავარი მოტივი, ციალა შავაძე არ პასუხობს. ​

''მე მგონი ყველასთვის ცნობილია და არ ღირს ამის დაკონკრეტება.

ჟურნალისტი: მიხეილ სააკაშვილს გულისხმობთ?

ციალა: არ ვაკონკრეტებ ამ შემთხვევაში პიროვნებას. ეს იყო ჩემი პოზიციის დაფიქსირება, როგორც ერთი ხულოელის, უბრალო მოქალაქის და არა როგორც ოლქის თავმჯდომარის.

ჟურნალისტი: ამ პოსტში გულისხმობდით თუ არა იმას, რომ ''ქართულმა ოცნებამ'' გაიმარჯვა და ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა?

ციალა: ''ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა რომელი პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებდა, ძალიან გთხოვთ პოლიტიკურ ნაწილში ნუ მიგყავთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საოლქო საარჩევნო კომისიას გამართულად ემუშავა და კანონთან შესაბამისობაში ყოფილიყო, ამისთვის ვიყავი ხულოში, ცესკოსგან მივლენილი''.

ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ სტატუსი არჩევნების მეორე დღეს, სახლში, არასამუშაო საათებში დაწერა, შემდეგ კი კომენტარების გამო წაშალა. ''წავშალე იმიტომ, რომ არასასიამოვნო კომენტარები იყო, რისი ნახვაც კიდევ ერთხელ არ მინდოდა''.

ცესკოს წარმომადგენლის ამ სტატუსზე, სხვა კომენტარებს შორის, იყო შეფასებები - საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს ნეიტრალური პოზიცია უნდა ეჭიროს.

19 მაისს, ხულოს მერის შუალედურ არჩევნებზე, ხულოში ციალა შავაძე, როგორც ცეეკოს წარმომადგენელი იმყოფებოდა. მის წინააღმდეგ ერთი სარჩელია ოლქში შესული. ოპოზიციის საჩივარში წერია, რომ შავაძე კომისიას მუშაობაში ერეოდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში